2026 წლის 30 ოქტომბერს, „შავი ზღვის კვირეულის“ ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-კვლევითი აქტივობა განახორციელეს. პროექტის მთავარი მიზანი საზღვაო გარემოს დაცვა და ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება იყო.
მოსწავლეებმა მოიძიეს მნიშვნელოვანი ფაქტები შავი ზღვის შესახებ და მოამზადეს კედლის გაზეთი - „შავი ზღვის ქრონიკები“. ამასთან ერთად, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები, არსებული საფრთხეები - პლასტმასით დაბინძურება თუ არამდგრადი თევზჭერა - და ზღვის დაცვის პრაქტიკული, ყოველდღიური გზები.
სასკოლო პროექტს გეოგრაფიის მასწავლებელი, სოფიო ნემსაძე ხელმძღვანელობდა.













